ირაკლი ღარიბაშვლი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღზე ისაუბრეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო მიესალმება ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა.

საუბარი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არ შეიცვლება. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერ-მინისტრი ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში განვითრებულ მოვლენებს და ე.წ ბორდერიზაციის პროცესსაც შეეხო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა და მკაფიო სიგნალები, რომელიც მაღალი დონის ვიზიტებითაც გამოიხატება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მაისში თბილისს ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა სიამოვნებით უმასპინძლებს ჰერმან ვან რომპეის საქართველოში და ასევე დააჩქარებს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

პრემიერი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს უკვე განხორციელებულ რეფორმებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ისტორიული მომენტი იქნება, რადგან ის საქართველო-ევროკავშირის ურთერთობებში ახალ რეალობას შექმნის. მხარეებმა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებაც იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მიზანია, სამოქმედო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის სამიტამდე შეასრულოს, რომელიც რიგაში გაიმართება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ქართველი სამხედროების ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები