ირაკლი შოთაძე მაიკლ ო’ ბოილს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავრობის მრჩეველს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო’ ბოილს შეხვდა.
მთავარი პროკურატურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ირაკლი შოთაძემ მაიკლ ო’ ბოილი საქართველოს მთავარი პროკურორის რანგში პირველად მიიღო.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე და უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობაც განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხს. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურისთვის მოქალაქეების უფლებების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და პროკურორებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების გაცნობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ მაიკლ ო’ბოილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და პროკურატურაში შექმნილი საკონსულტაცო საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები