„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ დღეს გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2016 წლის 1 მარტს გარკვეული მოთხოვნებით მიმართეს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „ერთობა 2013“-ის წევრებმა.
“შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ დღეს გამართულ აქციაზეც გაჟღერდა.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და აფასებს წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, ასევე, დედაქალაქის და მისი მაცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა“, – ნათქვამია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები