ლევან ვასაძე: საგანი „მე და საზოგადოება“ სახიფათო და მიუღებელია

ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საგანს „მე და საზოგადოება“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი სწავლება სახიფათო და მიუღებელია.
როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განმარტა, სკოლებში წლიდან-წლამდე აკადემიური განათლების შევიწროვება ხდება. მისივე მტკიციებით, სკოლებში ინერგება ისეთი “ვაი საგნები”, როგორიცაა: სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და ასე შემდეგ.
„წიგნში ეწერა, რომ ამ საგნის ფარგლებში ჩვენს შვილებს უნდა დაავალონ, ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობისა და განაცდევინონ მათ ჩაგვრა.
იმავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვებმა კლასში უნდა განიხილონ, რატომ ვერ უგებენ მათ ბოლომდე მშობლები და ოჯახის წევრები – ერთგვარი მოდერნიზებული პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი. ამავე საგანში ეწერა და ახლაც წერია, რომ მესამე-მეოთხე კლასის ბავშვს უნდა ასწავლონ ბიუჯეტირების და მეურნეობის საფუძვლები, სამშობლოს სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია და სხვა.
თითქმის ერთი წელია ამ ინიციატივას ვებრძვით, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არავითარ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განათლების პრიორიტეტებთან, არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას. ჩვენი რეაქციის შედეგად, საგნის ე.წ. სტანდარტის რედაქციაში ჯერჯერობით ვეღარ ნახავთ ფორმულირებებს, რომელიც მის პირველ რედაქციაში იყო.
ამ საგნებისათვის საათები სასწავლო ბადეში ისეთი მნიშვნელოვანი საგნების ხარჯზე შემოდის, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და სხვა. პრაქტიკულად მოშლილია დამრიგებლის ინსტიტუტი.
წლების მანძილზე განათლების სამინისტროს ეგიდით და უცხოელი სპეციალისტების დაფინანსებით ხდება ნამდვილი აკადემიური საგნების მასწავლებლების გადამზადება ამ ფსევდოსაგნების სასწავლებლად, მათი სასტუმროებში და უცხოურ კონფერენციებზე გაუთავებელი ტარება და ამ ნიშნით მათი დაწინაურება. ამ დროს არანაირი ყურადღება არ ეთმობა აკადემიურ საგნებს”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები