მოლდავეთის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა

მოლდავეთის გენერალურმა პროკურორმა კორნელიუ გურინმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ყოფილი გენპროკურორის თქმით, მისი გადადგომა პროკურატურაში რეფორმების განხორციელებას დააჩქარებს.
„მე გენერალური პროკურორის მანდატს ვაბარებ. ასე რომ 1-ლი მარტიდან თანამდებობას ვტოვებ. პროკურატურის რეფორმა ზევიდან უნდა დაიწყოს. ყოველგვარი ეჭვის და ბრალდების გარეშე“, – განაცხადა გურინმა.
მოლდავეთის პარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებული „მოლდავეთის სტაბილიზაციის და მოდერნიზაციის“ დეკლარაციის საფუძველზე, ხელისუფლების ორგანოების რეფორმირება იგეგმება.
დოკუმენტის საფუძველზე, აუცილებელია მექრთამეობასთან ბრძოლა და საბანკო სექტორის რეორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
დადგინდა, რომ ქვეყნის ფინანსური დაწესებულებებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი უკანონოდ იყო გატანილი. გენერალური პროკურატურის გარდა, რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალურ ცენტრს, ეროვნულ ბანკს და სხვა უწყებებს შეეხება, რომლებიც „დეპოლიტიზებული“ უნდა იყოს. 2015 წელს მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ქვეყნის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და მისთვის ფინანსური დახმარება შეწყვიტა. გასული წლის გაზაფხულიდან ქვეყნის მთავრობის გადადგომის და რეფორმების ჩატარების მოთხოვნით ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები