„პოზიცია“ 28 თებერვალს ქუჩის მუსიკოსებთან ერთად მორიგ საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 28 თებერვალს, 20:00 საათზე, მართავს რიგით მე-9 საქველმოქმედო საღამოს, პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში. საღამო ჩატარდება club egoist-ში, სადაც იმღერებენ: ნინი ბადურაშვილი, თიკა ჯამბურია, თამუნა ბაბილუა და „ქუჩის მუსიკოსები“, რათა ერთად გადავარჩინოთ პატარა გიორგი მოდებაძის სიცოცხლე.
ის, რაც მოდებაძეების ოჯახში ხდება, ყველა ტკივილზე მწარე აღმოჩნდა. დაახლოებით უკვე 7 თვეა, რაც 12 წლის გიორგის „პანენცეპალიტი“ აღმოაჩნდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიორგიმ წითელა გადაიტანა. როგორც გიორგის მშობელი, ირინა მოდებაძე Tvfree-სთან საუბრის დროს განმარტავს, მან მისი მცირეწლოვანი შვილის წითელაზე აცრა ვერ მოასწრო, რადგან ვაქცინა ერთი წლის ასაკიდან კეთდება, ბავშვი კი მაშინ მხოლოდ 7 თვის იყო.
„მოულოდნელად გიორგის შიშები დაეწყო, გონებას ეტაპობრივად კარგავდა, კითხვა უჭირდა და ვეღარც წაკითხულს იმახსოვრებდა,“ – აცხადებს ირინა მოდებაძე.
მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გამოსაკვლევად და მიზეზების გასაგებად, თუ რატომ ემართებოდა ბავშვს ასე, იაშვილის კლინიკისთვის მიემართათ. კლინიკაში მიყვანისთანავე მოზარდს ტომოგრაფია ჩაუტარდა, ვინაიდან ექიმებს ეჭვი ტვინის პათოლოგიაზე ჰქონდათ, თუმცა ანალიზის პასუხების მიხედვით მსგავსი რამ მას არ აღმოაჩნდა.
დროთა განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა უარესდებოდა, მას ხელიდან ნივთები უვარდებოდა. მშობლების მოთხოვნით ანალიზები გერმანიაში გადაიგზავნა, დიაგნოზი კი ოჯახისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. გერმანელმა მედიკოსებმა გიორგის „პანენცეპალიტი“ დაუდგინეს. „პანენცეპალიტი“ ეს არის ბაქტერია, რომელიც აუცრელ ორგანიზმში წითელას გადატანის შემდეგ რჩება. ყოველთვის არა, მაგრამ თუ ეს ფაქტი მოხდა, ბავშვს გარეგნულად არაფერი დაეტყობა, ბაქტერია ორგანიზმში 16-წლის ასაკამდე გაიღვიძებს და ტვინზე იმოქმედებს.
ამ დროს ბავშვების უმეტესობა იღუპება. ამ დაავადებას „პანენცეპალიტი“ ჰქვია და ამის შესახებ თითქმის არავინ იცის, რადგან საქართველოში ამ ბაქტერიით წელიწადში საშუალოდ 3 ბავშვი იღუპება. ოჯახის და ნათესავების დახმარებით, მშობლებმა შვილის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს. იმისთვის, რომ გიორგის სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, საჭიროა იმუნიტეტის მოსამატებელი გადასხმა, რომლის ღირებულება 7500 დოლარს შეადგენს და თვის განმავლობაში ერთხელ კეთდება. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ოჯახს 3500 ლარი გამოეყო, ხოლო გამგეობამ 500 ლარით დააფინანსა.
ოჯახმა ჭიათურაში სახლიც გაყიდა, რომ გადასხმისათვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ. გიორგის სახელმწიფოს დახმარებით ყოველთვიურად პენსიის სახით 160 ლარი გამოეყო. ოჯახს ყველანაირი რესურსი ამოეწურა და დახმარებას ხალხისგან ითხოვს, რათა გიორგი ამ დაავადებას ებრძოლოს. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება გიორგის დასახმარებლად, „ლიბერთი ბანკში“ გახსნილია საბანკო ანგარიში. თანხის მიმღები: გაგა მოდებაძე.
ანგარიშის ნომერი: GE79LB0711196350689000.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები