გერმანიის პარლამენტმა ქვეყნის მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივით ბუნდესტაგს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიმართა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 429 დეპუტატმა, ხოლო 147-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ახალი რეგულაციების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის მიგრანტების განაცხადებები დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. „უსაფრთხო“ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მიგრანტები სპეციალურ დაწესებულებებში განთავსდებიან. ისინი ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს საკუთარი ნება-სურვილით ვერ აირჩევენ. ასევე ახალ კანონში იმ მიგრანტებისთვის წესებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ლტოლვილები არ არიან, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ, ვინაიდან იქ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთი მიგრანტები გერმანიაში თავისი ოჯახების მიწვევას მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეძლებენ. დაჩქარდება გერმანიიდან იმ მიგრანტების გაძევების პროცედურები, რომლებმაც თავშესაფარზე უარი მიიღეს. სხვა ქვეყნების გასამართლებული მოქალაქეების გაძევება ასევე შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.
ეს წესები აქტუალური გახდა ახალი წლის ღამეს კიოლნში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, როდესაც ქალებზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა. თავდასხმებში, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული პირები მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები