"აშშ-ის განცხადებაში აქცენტი იმაზეა, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად"

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აქცენტი არის იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის ფარგლებში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ჰააგაში ვიზიტისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე დიდი მეგობარი და შესაბამისად, ყურადღება ექცევა მათ ყველა განცხადებას.

“ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც რჩევას. იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე. სწორედ ეს არის ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც ლამის 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში 300 ათასაზე მეტი ადამიანი იყო პრობაციონერი.

მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, აქ აქცენტი არის იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის ფარგლებში. სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოეულ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხები უნდა იყოს გაცემული. თუკი, ამ შემთხვევაში, არსებულ კითხვებზე პასუხი პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რასაკვირველია მან უნდა გასცეს პასუხი”, -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კი აღნიშნულია:

“არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ, ერთდროულად, რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები