მაია ფანჯიკიძე შესაძლოა, ირაკლი ალასანიამ შეცვალოს

 თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. როგორც გაზეთი წერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაიყვანენ, ხოლო მაია ფანჯიკიძე ამავე უწყებაში დარჩება. ამასთან, “პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ფანჯიკიძეს რომელიმე ქვეყნის ელჩობა შესთავაზონ.
მათივე ცნობით, უკვე გადაწყვეტილია კულტურის მინისტრის შეცვლა. გურამ ოდიშარიას შემცვლელზე მთავრობა აქტიურად მსჯელობს. ოდიშარიასთან ერთად, სავარაუდოდ, საკუთარ პოსტს დაემშვიდობება განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც, რომელიც პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის კადრია.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ირაკლი ალასანიას საგარეო უწყებაში გადაყვანა სწორი იქნება, რადგან მას მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს საგარეო სფეროში.
“სწორია, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. პრინციპში, მას დიპლომატიაში ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე თავდაცვის სფეროში. ალასანიას ბევრად მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს საგარეო სფეროში, შეუძლია კარგად საუბარი რამდენიმე ენაზე, არის სასიამოვნო მოსაუბრე. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია უფრო გამოჩნდება, თუმცა თავდაცვის სფეროშიც ჰქონდა მას ამის შანსი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ნატოსთან თანამშრომლობას ეხება. თუმცა ვფიქრობ, მისი გამოცდილებიდან, მისი ბეგრაუნდიდან, მისი ტიპაჟიდან გამომდინარე დიპლომატობა უფრო შეჰფერის”, – აღნიშნავს შარაშენიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები