დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას მიესალმება

„საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის მიერ პირველი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
„ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორი სტრატეგიითა და მარკეტინგული აქტივობებით ყოველწლიურად იზრდება საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. საგულისხმოა, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ნახევარზე მეტი არის ტურისტი, რაც ცხადყოფს ამ აეროპორტის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს“, – აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის წარმატებული იქნება.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „ვიზეარის“ პოლიტიკის მიხედვით, ბაზირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ბაზირება კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს უშუალოდ აეროპორტში და დამხმარე ინდუსტრიებში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.10705185_1029122573798288_1885006012_n
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს ბერლინში, მიუნხენში, ლარნაკაში, სოფიაში,მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო კვირაში სამჯერ – სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში. ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება. ბაზირების და მიმართულებების დამატების შესახებ განცხადება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არა მხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. „ვიზეარს“ მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც საქართველოს, ასევე „ვიზეარის“ ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანამდევი ეფექტი. ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა ავიაკომპანია „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა.
უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს „ეარბას A320“ და „A321“ ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკვალიფიციურ კადრს მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები