„თოფაძემ დავუშვათ, მიჰქარა და შეეშალა, მაგრამ პრეზიდენტს რატომ არავინ ჰკითხა, დღესაც ასე ფიქრობს თუ არა ხალხზე“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თოფაძის მიერ არასწორად წამოცდენილი ფრაზა, ალბათ არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება დაატოვებინონ.
როგორც მეჭიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თოფაძემ თავისი შეცდომისთვის ბოდიშიც მოიხადა. დეპუტატი ახლა პრეზიდენტის კომენტარს ელის, მისთვის საინტერესოა, დღესაც ისე ფიქრობს თუ არა მარგველაშვილი ხალხზე, როგორც მეცნიერობის დროს ფიქრობდა და თავის ნაშრომში წერდა.
„გოგი თოფაძემ მისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. ამას მაშინვე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. მან ეს სიტყვა თავისდაუნებურად ახსენა. ისე, რომ შეიძლება არც იცოდა იმის მნიშვნელობა, რაც თქვა. მას შეეშალა და ბოდიში მოიხადა. ხომ არ დავხვრეტთ ადამიანს? კაცს რომ თავისდაუნებურად სიტყვა შეეშალოს, ამის გამო მანდატი დავატოვებინოთ, არ ვიცი, რამდენად სწორია.
პოლიტიკოსს შეიძლება უცებ რაღაც სიტყვა წამოცდეს. ნაშრომს დაფიქრებულად წერ და ათასჯერ ზომავ თითო სიტყვას. ნაშრომი და პოლიტიკოსის ექსპრომტი ერთმანეთისგან განსხვავდება. კაი, დავუშვათ, ამან მიჰქარა და შეეშალა, მაგრამ პრეზიდენტისთვის არავის უკითხავს, დღესაც ასე ფიქრობს თუ არა ხალხზე. თოფაძის განცხადება იყო შეცდომა, მაგრამ ის ნაშრომი, რაზეც მან თქვა, ხომ არსებობს? რატომ არავის გაუჩნდა შეკითხვა პრეზიდენტთან, დღესაც ასე ფიქრობს ის ხალხზე, როგორც მეცნიერობის დროს ფიქრობდა?“- აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით. თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.