“კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი ამოწურულია”
კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი ამოწურულია, გარკვეული პოლიტიკოსები ცდილობენ, უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ფუნქციები მკაფიოდ გამიჯნულია ერთმანეთისგან.
“ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. პრეზიდენტმაც გააკეთა, სხვათა შორის, ანალოგიური კომენტარი და მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ერთვება ეროვნული უშიშროების საბჭო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით “თავისუფალი დემოკრატები” გამოვიდნენ.