იანოშ ჰერმანი: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ბრალდებები გამოძიებულ უნდა იქნას

ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფი ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ბრალდებებს ევროკავშირი სერიოზულად უდგება.
“მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრალდებები გამოძიებულ იქნას. ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ოპერაციებში საკუთარ სამხედროებს გზავნის, აქვს ნათელი ვალდებულებები ევროკავშირის მორალური სტანდარტების და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მიმართ”, – აღნიშნა ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფ ჯარისკაცებს ადგილობრივი არასრულწლოვნები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გაეროს ცნობით, არასრულწლოვნებმა დაასახელეს მისიის ქართული კონტინგენტის სამხედროებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები