“ქართულ ოცნებაში“ „კვოტების საკითხი არათუ გადაწყვეტილია, ამ თემაზე მსჯელობა არც კი დაწყებულა“
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ „კვოტების საკითხი არათუ გადაწყვეტილია, ამ თემაზე მსჯელობა არც კი დაწყებულა“.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“პირველ რიგში, ჩვენ შეთანხმებულები ვართ ქვეყნის მართვის საერთო პასუხისმგებლობაზე და ამ გზით მივდივართ. ამასობაში, მინდა შეგახსენოთ, რომ სულ ერთი თვის წინ კოალიციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – გადადგა კოალიციის ლიდერი, მთავრობის მეთაური, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა მთავრობის ხელმძღვანელობა. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ თემაზე ჩამოყალიბდა და იგი გახდება პარტიის წევრიც და თავმჯდომარეც. ამასობაში, დიდი გამოცნობა არ სჭირდება, რომ იმ საკონსტიტუციო სისტემაში, რომელშიც ვცხოვრობთ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია, რომელიც არის ხელისუფლებაში, ანუ კოალიციის ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი და, ბუნებრივია, კოალიციის ლიდერზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასეთი ტიპის საკითხების მოგვარება-გადაწყვეტაში, როგორც პარტიის შიგნით, ისე კოალიციურ მასშტაბში. ასე რომ, სრულიად შეგნებულად არ გვაქვს არათუ გადაწყვეტილი ეს საკითხები, არამედ საგნობრივი განხილვები არ დაწყებულა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.