დავით უსუფაშვილი: პარლამენტის სხდომაზე ყოფნის ვალდებულება პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს აქვთ

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე, შესაბამისად, ამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობის წევრების დასწრება საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის გამოსვლაზე სავალდებულო არ არის, თუმცა მათ სურვილის შემთხვევაში პარლამენტში მისვლა შეუძლიათ.
“საქართველოს პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უნდა გახდეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნისთვის, როგორიც ახალი წლის მოსვლა. პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ. მისი პოზიცია იყო ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი მოვლენა და თუ მას რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ ექნება, ის ამ შეხვედრას დაესწრება ხოლმე. იგივე პოზიცია აქვთ მთავრობის წევრებსაც და ასე, რომ, მე მგონი, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე, შესაბამისად, ამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს. არიან სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ უფლება, დაესწრონ სხდომებს. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს თემა აქ უნდა დავასრულოთ. ეს არის ფორმატი და რეალობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ფორმატი ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.
“გვაქვს ორი ფორმატი – ერთი ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან დადგენილი რეგლამენტით. მეორე შემთხვევაში, თუ იქნება დებატები, ამას ემატება ჩემი გამოსვლა, ვიცე-სპიკერების გამოსვლა და ფრაქციის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების გამოსვლა. დებატების შემთხვევაში, უმრავლესობას გაცილებით მეტი დრო ხვდება. ხვალ ბიუროზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები