გიორგი კვირიკაშვილი: მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და სოციალურ თანასწორობას.
„მინდა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის იმ ძირითად პრინციპებს შევეხო, რომელიც არის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირების სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას.
ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობასა და სოციალურ თანასწორობას. კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე. საქართველო არ არის განსაკუთრებულად მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ, მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს – ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ფორუმი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები