გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას
საზოგადოების ჩართულობა, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, აჩენს იმ შეგრძნებას, რომ საზოგადოება არის ნაწილი ამ ქვეყნის მართვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, მისი პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებას.
„დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საზოგადოების ჩართულობა, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, აჩენს იმ შეგრძნებას, რომ საზოგადოება არის ნაწილი ამ ქვეყნის მართვის და რაც მთავარია, გადაწყვეტილების ხარისხს ერთმნიშვნელოვნად ამაღლებს. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, მისი პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებას და ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში, ხელისუფლების სხვადასხვა შტო, სამოქალაქო სექტორი იყვნენ ჩართულები და გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე ხდებოდეს.
„ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები იქნა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიღწეული. კერძოდ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, რეგიონში არასახარბიელო ვითარების ფონზე ხელისუფლების რეფორმებმა მისცა ქვეყანას ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა.
„ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული განვითარების კურსზე, რაც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი პირობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანმხება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას“, – განაცხადა პრემიერმა.