„პრეზიდენტის გამოსვლა უნდა იყოს ღია დისკუსია თავისი შეკითხვებით და პასუხებით“
„პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 3 თებერვალს წარდგება, თუმცა როგორი იქნება მისი გამოსვლის ფორმატი, ხვალ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უნდა იყოს აბსოლუტურად ღია დისკუსია თავისი შეკითხვებით და პასუხებით, რადგან პრეზიდენტი საქართველოს ცხოვრებაში ბევრ სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავს და მისი აზრი როგორც პარლამენტისთვის, ისე საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩემთვის მისაღები იქნება ის ფორმატი, რაც მეტად მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, რა მიმართულებით როგორ ხედავს პრეზიდენტი საქართველოს განვითარებას. მე მხარს ვუჭერ დებატების ფორმატს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი მთავრობის წევრების დასწრებას, მაღრაძის განცხადებით, ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებს პარლამენტის ქუთაისში არსებობაც ქმნის. დეპუტატის განცხადებით, თუ მინისტრები გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას დაესწრებიან, ეს კარგი იქნება, მაგრამ ისინი კონსტიტუციის მიხედვით ვალდებულები არ არიან, პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრონ.