გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად ვცდილობთ, მთავრობის პოლიტიკა ხალხის ინტერესებს გამოხატავდეს

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საერთაშორისო ფორუმ “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების” გახსნისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე.
“საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე ხდებოდეს.
ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად – ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც უნდა გავიაროთ “, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.
“რეგიონში არასტაბილური ვითარების ფონზე, ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები