იან კელი: დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში
ცენტრალურ აფრიკაში, სხვა ქვეყნების სამშვიდობოებთან ერთად, სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეხმაურება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც შეერთებულ შტატებს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს, მათი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილის გამო.
ელჩმა ასევე დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრის განცხადება, გამოძიების შემდეგ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის თაობაზე.
“მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მომხდარის ზუსტი გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხის გება. როგორც პარასკევს ჩემს განცხადებაში ვთქვი, დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს,” – განაცხადა იან კელიმ.