ზვიად კვაჭანტირაძე: ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება „ქართული ოცნების“ მომავალ თავმჯდომარედ, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ პრემიერის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს პრემიერი პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოიწვიეს.
„გუშინ, სამდივნომ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანების თაობაზე. დღეს იგი მოწვეული იქნა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. პრემიერი პარტიის მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მიდის.
„რაც შეეხება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დღესაც შედგა მასთან კომუნიკაცია, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის გადაწყვეტილება, რომ იგი ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და შესაბამისად, მიდის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.