გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ მომავალ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე იქნება წარდგენილი.
„ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პარტიის წევრობასთან დაკავშირებით. დღეს უკვე გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან. შეხვედრაზე პოლიტსაბჭომ ერთად გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობაზე წარდგენილი იქნება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა კალაძემ.
დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარეს ყრილობა გაზაფხულზე აირჩევს.