თბილისის მერია მეტროს 6 სადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საზეიმო მიღება გამართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებას სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, საერთაშორისო ასოციაციისა „მეტრო“ და UITP წევრი კომპანიების წარმომადგენლები, 11 სხვადასხვა ქალაქის მეტროს ხელმძღვანელი პირები, თბილისის მეტროს თანამშრომლები და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე.
ღონისძიებაზე დააჯილდოვეს მეტროს ის თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ მეტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. ერთგულ თანამშრომლებს კი სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საზეიმო მიღების შემდეგ, თბილისის მერმა მატარებლით იმგზავრა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ქვედა ფოიეში გამართული გამოფენა დაათვალიერა. ექსპოზიციაზე მეტროს ისტორიის ამსახველი არქივიდან 56 ფოტოსურათი იყო წარმოდგენილი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს იგეგმება მეტროს განვითარება, რაც მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული.
„7 პროექტი, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების განახლებას ისახავს მიზნად, თვითონ მეტროს შემადგენლობის განახლების მოდერნიზაციის პროექტი და ასევე, დამატებით ახალი სადგურის მშენებლობის პროექტი არის ის, რაც მომავალთან, თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ უფრო მეტად განვითარებასთან და კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული.
ამიტომაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ როგორც მიღწევებზე და ვიხსენებთ თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას, ასევე, ვსაუბრობთ მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამჟამად, თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: იგეგმება 6 სადგურის რეაბილიტაცია, ესენია: „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“, „სადგურის მოედანი 1“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“ და „ავლაბარი“.
ამასთან, 2016 წელს დაგეგმილია 19 ვაგონის მოდერნიზება, რაც ითვალისწინებს კაპიტალური შეკეთებისათვის გათვალისწინებულ მოცულობით სამუშაოებს, ასევე, თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს. მთლიანად იცვლება ვაგონების ინტერიერი, ექსტერიერს მიეცემა თანამედროვე სახე, შეიცვლება ძველი სანათები ახალი, დიოდური განათებებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ძველი მექანიკური და კონტაქტორული დეტალები შეიცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
იგეგმება მეტროსადგურ „რუსთაველის“ კაპიტალური შეკეთებაც. პროექტის მიხედვით, რუსთაველის სადგურს უნდა შეუნარჩუნდეს ძველი არქიტექტურული იერსახე. განახლდება როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, განხორციელდება ელმომარაგებისა და წყლის გადაყვანის სისტემების რეაბილიტაცია, სატელეფენო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი სისტემების, ასევე, სახანძრო უსაფრთოების სისტემების სრული რეკონსტრუქცია.
2016 წელს კაპიტალურად გარემონტდება 5 ესკალატორი, კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ 1, „წერეთლის“ 1 და „მარჯანიშვილის“ 3 ესკალატორი. ასევე, დაიწყება „სადგურის მოედანი 1“-ის ესკალატორების კაპიტალური შეკეთება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები