პრემიერ-მინისტრი ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიემგზავრება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰააგაში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტზე, რომელიც ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება, მიწვეული არიან: 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ევროპის პარლამენტის წევრებთან, «Liberal international”-ის პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რასოისთან, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბულხალტერთან, დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიდტთან, კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან. საქართველოს მთავრობის მეთაური ნიდერლანდების მეფის, უილემ ალექსანდერის მიერ გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილსაც დაესწრება.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს 6-კაციანი დელეგაცია მიემგზავრება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი სამიტი 2010 წლის 12-13 აპრილს – ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.