„მიხეილ სააკაშვილი მშიშარაა და ის პროკურატურაში არ გამოცხადდება“

  პარლამენტის პირველი ვიცე-სპეკრის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და გამოძიების კითხვებს უპასუხებს. მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, რომ საქართველოში დაბრუნდეს და პროკურატურაში გამოცხადდეს.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მშიშარა ადამიანია, ისტერიულია და სიმართლის დადგენის თვალსაზრისით პანიკური შიში აქვს. ეს აშკარად ჩანს მის ქცევებში. ის კომენტარსაც კი ვერ იძლეოდა თავის დროზე. როდესაც მას ჟურნალისტი კითხვას უსვამდა, მის სახეზე ისტერია ჩანდა. როგორი გამბედავია მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ ის, როგორც მთავარსარდალი აგვისტოს ომის დროს ვნახეთ. 2008 წელს ის მიწაზე ფორთხავდა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე იყო. ამიტომ არ მგონია, მას ასეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჰქონდეს, რომ აქ ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს. თუ ჩამოვა, ეს იქნება ძალიან კარგი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მას არ ეყოფა ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ ჩამოვა. ის არ არის იმ პასუხისმგებლობის ადამიანი, რომ ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას მანანა კობახიძე.
მისი თქმით, პროკურატურაში ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილის უშუალო კავშირები იკვეთება. გამოძიებაში უმრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამ კითხვების დასმის არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. არადა ათეულობით საქმეა, რომელთანაც ექსპრეზიდენტის უშუალო კავშირები აშკარავდება. აშკარაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კითხვები დაგროვდა. ის ვალდებულია, გამოცხადდეს პროკურატურაში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. კანონის მიმართ ყველა თანასწოირია, ვინც არ უნდა იყოს. თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ეს არავის ეპატიება, რადგან ის „ვიღაცა“ იყო – თუნდაც პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან რომელიმე თანამდებობის პირი… თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის აშენება, უნდა გაითავისოს, რომ როცა ის თანამდებობაზეა, სწორედაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კანონთან და ამ კანონის დაცვასთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იგი მოწმის სახით იკითხება. გასაკვირი ის იქნება, თუ ჩამოვა და ჩვენებას მისცემს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები