დავით სერგეენკო: თბილისში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა რამდენიმე ასეულით გაიზარდა

თბილისში, დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა რამდენიმე ასეულითაა გაზრდილი და ბოლო დღეებში დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შეუსრულებელი გამოძახება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ გამოძახებული სასწრაფო რამდენჯერმე საერთოდ ვერ მივიდა დანიშნულების ადგილზე.
“ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით თბილისში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა გაიზარდა რამდენიმე ასეულით და ბოლო დღეებში დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შეუსრულებელი გამოძახება, ანუ როდესაც გამოიძახეს სასწრაფო და საერთოდ ვერ მივიდა, არამც თუ დაგვიანებით. ეს არის უკვე სასწრაფო დახმარების ფუნქციონირებაში ის წითელი ზღვარი, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.
“კითხვა არის საზოგადოებაში – რატომ ფიქრობთ გამოძახებაში ოჯახის ექიმის ჩართვას, ხომ არ სჯობს დაამატოთ ბრიგადებიო. ჯანდაცვაში ბევრი რამ სპეციფიკურია და, მათ შორის, სასწრაფო დახმარებაც. მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც მეტ ბრიგადას ამატებდა განსაკუთრებით, თბილისის სასწრაფო, პროპორციულად იზრდებოდა გამოძახებები, თუ ეს არ არის დარეგულირებული, ასეც იქნება. თუ 2012-2013 წლებში დედაქალაქში იყო საშუალოდ 1000 გამოძახება, 20 ბრიგადის დამატებამ მთლიანობაში ეს 1 800 გახადა, შემდეგ დაემატა 12 ბრიგადა და უკვე ავიდა 2200-ზე დღე-ღამის განმავლობაში”, – განაცადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები