„მედიკამენტების ხარისხი მწარმოებელი ქვეყნით არ უნდა განვსაზღვროთ“

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.
მსგავსი პროგრამა ადრეც მოქმედებდა საქართველოში, თუმცა ახლა მის შინაარსში გარკვეული შესწორებები შედის და ხარისხის კონტროლი უფრო გამკაცრებულია. იგეგმება, რომ გარდა საქართველოში არსებული ლაბორატორიისა, მედიკამენტების და ნედლეულის ხარისხი ევროპის წამყვან, ლიცენზირებულ კლინიკებში გადამოწმდება. აღნიშულ თემასთან და ჯანდაცვის სისტემაში ბოლო დროს გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს, ირინა ზარნაძეს ვესაუბრეთ.
– ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ქვეყანაში გაიზარდოს. კონტროლის გამკაცრებაზე რა აზრის ხართ?
– ეს მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯი იქნება სამინისტროს მხრიდან. ზოგადად, ჯენერიკს აქვს დანამატებიც, მაგრამ დანამატი არ უნდა იყოს მეტი, ვიდრე აქტიური ნივთიერება. ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ ადამიანი ყიდულობდეს პრეპარატს და ფაქტობრივად, არაფერს ღებულობდეს. არც ექიმი უნდა შედიოდეს შეცდომაში და არც პაციენტი თავისთავად ცხადია. ამიტომ მივესალმები ხარისხის კონტროლს. ერთხელ და სამუდამოდ, პაციენტმაც და ექიმმაც უნდა იცოდნენ, რომ როდესაც სამკურნალოდ იღებს პაციენტი წამალს იმ საჭირო რაოდენობით იღებს საჭირო მედიკამენტს, რაც საჭიროა კონკრეტული სიმპტომების მოსახსნელად. აქ ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს კონტროლს ალტერნატივა. ძალიან დროული გადაწყვეტილებაა წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა.
– რა გამოცდილება აქვთ ჯენერიკების მოხმარების მხრივ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. რომელი ქვეყნის მაგალითი გახსენდებათ მოსახლეობისთვის ყველაზე მეტად?
– ზოგადად ჯენერიკი პრეპარატების სისტემა ძალიან კარგად აქვს მოწყობილი ბევრ ქვეყანას. მაგალითად, ტაივანს. ეს ქვეყანა ჯანმრთელობის მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოში პირველ მეორე ადგილს ინაწილებს იაპონიასთან. ტაივანში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები მუშაობს. მოსახლეობა საკმაოდ დიდია, 25 მილიონამდე. პირველად ჯანდაცვაში ტაივანის თითოეულ მოქალაქეს ექიმთან 15 ვიზიტი ეკუთვნის. თუ ექიმი მას მედიკამეტს გამოუწერს, იქვე არის აფთიაქი კლინიკაში და მას ჯენერიკებს ზუსტად იმ რაოდენობით აძლევენ, რაც სჭირდება. ფაქტობრივად ხდება კონტროლი, თუ რამდენი მედიკამენტი მიიღო პაციენტმა. ამრიგად, ეს მიღებული წესია და განვითარებული ქვეყნები ამით სარგებლობენ. ანალოგიური მეთოდია ჰოსპიტალურ სექტორშიც.
– ჯანდაცვის სფეროში რა პრობლემები შეინიშნება, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ ექიმებს? რის გამოსწორებას ისურვებდით?
– საქართველოში რადგან ჯანდაცვის სისტემა შეიცვალა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, კარგია მცდელობა, რომ უწყება ცდილობს ხარვეზების გამოსწორებას. ამ მცდელობებს სჭირდება სათანადოდ მოფიქრებული ნაბიჯები, პოლიტიკის შემუშავება, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება. შეიძლება ხარისხის კონტროლი მკაცრდება, მაგრამ საინტერესოა როგორ აპირებენ, რომ არ დაზარალდეს არც მწარმოებელი და არც მომხმარებელი. ანუ საკმაოდ ბევრი ნიუანსია, რის გათვალისწინებაც საჭიროა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოიმუშავებს რეკომენდაციებს, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ვახორციელებთ მათ. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ავიღოთ. ის აუცილებელი იყო, რადგან პირველადი ჯანდაცვის განვითარების გარეშე გამართული ჯანდაცვის სისტემა ვერ იარსებებს. რადგან სტაციონარულ ქსელს სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და რესურსები, პირველად რგოლს უნდა მივხედოთ, რომ შემდეგ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ხარჯთეფექტური იყოს, ხოლო მოსახლეობა მუდმივად ახერხებდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ კონტროლს. პრობლემები და შეცდმები არსებობს და იარსებებს, მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე უნდა განვთარდეს პროფილაქტიკური მედიცინა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩანასახები არსებობს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ბევრად იაფია ნაადრევი დიაგნოსტიკა, ვიდრე გართულებული მდგომარეობის მართვა, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნისთვის. ასევე უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა და პარალელურად, იმავე მასშტაბებით პროფილაქტიკური მედიცინა, ეს გარდაუვალია.
– რა აზრის ხართ ინდოეთში წარმოებულ ჯენერიკებზე და იყენებთ თუ არა პრაქტიკაში?
– ზოგადად, მედიკამენტების ხარისხს მათი წარმოების ადგილით და ქვეყნით ნუ განვსაზღვრავთ. თუ ჩვენთან მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მაღალ დონეზე ავა, თავისთავად ცხადია, რომ სააფთიაქო ქსელში წავა ის მედიკამენტები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. მნიშვნელობა არ ენიჭება მწარმოებელ ქვეყანას, აქცენტი გაკეთდება ხარისხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები