დავით უსუფაშვილი: ნატო ახალ პოლიტიკაზე გადადის

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან ნატოს პოლიტიკისა და საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებზე ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, მარშალის ფონდის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო სესიები გაიმართა, რომლებზეც ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ნატოს მისი განვითარების გეგმებში სერიოზული ცვლილებების შეტანა მოუწია.
„გაკეთდა განცხადებები, რომ ნატო ახალ პოლიტიკაზე გადადის. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩვენთან შეხვედრისას გაგვიზიარა რამდენიმე მოსაზრება. შემდეგ, საჯარო გამოსვლისასაც აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ნატოს მოუწია სერიოზული ცვლილებების შეტანა მისი განვითარების გეგმებში და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რუსეთისგან მოდის, ნატო შესაბამის ნაბიჯებს სამი მიმართულებით გადადგამს. პირველი, ეს არის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა. ამ თვალსაზრისით ბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც უშაულოდ არიან რუსეთის მოსაზღვრეები, მიიღებენ დამატებით დახმარებას. მეორე – დახმარება უშუალოდ უკრაინისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკრეტულად სამხედრო დახმარებაზეც გაკეთდა აქცენტი, ასევე უკრაინის შეიარღებული ძალების გაძლიერებაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ასევე, მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა გაღმავდება, რომლებიც ნატოსთან უკვე მრავალი წელია პარტნიორულ ურთიერთობაში არიან. მესამე მიმართულება – უკვე უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებული საკითხებია. ნატომ პრაქტიკულად შეაჩერა ყველა დონეზე კონატაქტი რუსეთთან და ძალიან კონკრეტულ ზომებზეა საუბარია. ცხადია, ყველა ცდილობს, რომ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მივიდეს და ამისთვის არ ემზადება ნატო, მაგრამ, როგორც თავდაცვითი სისტემა, ახალ ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები