ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის ახალი ეტაპი იწყება

სახელმწიფო, თავის პარტნიორებთან ერთად, გეგმავს ახალი სერვისების შექმნას, რათა მოხერხდეს ქვეყანაში დარჩენილი შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლის ეტაპობრივი გაუქმება და იქ მცხოვრები ბავშვების ალტერნატიულ, მცირე ზომის საოჯახო სახლებში განთავსება.
დღეს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმს აფორმებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იმ ორი დიდი ზომის ინსტიტუციის ეტაპობრივი გაუქმება, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს – ესაა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. ამ თანამშრომლობის შედეგად ამ სახლების ბენეფიციარებისთვის – მზრუნველობამოკლებული, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებები უნდა შეიქმნას. აღნიშნული სერვისი მიახლოებული იქნება ოჯახურ გარემოსთან, ამასთან, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღსაზრდელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მზარდი შესაძლებლობების განვითარებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის (პედიატრები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, ოკუპაციური თერაპევტები) მიერ. ისინი ბავშვების საჭიროებებს ინდივიდუალურად სწავლობენ, რათა შეიქმნას მათთვის მაქსიმალურად გამართული და ადაპტირებული სერვისები. სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან.
„მცირე ზომის ბავშვთა სახლები საშუალებას იძლევა, ბავშვებს, გარდა ელემენტარული მოთხოვნებისა, როგორიცაა კვება, სითბო და უსაფრთხოებაა, დაუკმაყოფილდეთ ის მოთხოვნები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მის მიახლოებას ოჯახურ გარემოსთან. ამისთვის პრინციპულია, რომ ბავშვების რაოდენობა ბევრი არ იყოს. საჭიროა მათი დაყვანა 6-8 ბავშვამდე, სადაც უკვე აღმზრდელებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალურად, თითოეულ აღსაზრდელზე იზრუნონ. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობდა იმ ბავშვებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები ან შეზღუდული შესაძლებლობები“, – აღნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მინისტრის თქმით, დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გავრცელდება შშმ ბავშვებზეც. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯი შშმ ბავშვთა როგორც უფლებების დაცვისთვის, ასევე მათი სწორი აღზრდისთვის. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საშა გრაუმანის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბავშვთა ზრუნვის სერვისების მიმართულებით. მისი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა ბავშვისთვის არსებობდეს ოჯახური და კეთილგანწყობილი გარემო.
„უნისეფი“ მხარს უჭერს სახელმწიფოს ამ დიდ წამოწყებას და სერვისების დახვეწისთვის გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას – იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა სახის დახმარება. პროცესში დიდი გამოწვევები იქნება, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და ყველაფერი, რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდებათ“, – დასძინა გრაუმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები