რა ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია ახალი წლის ღამეს

საქართველოს დედაქალაქის მერია მოსახლეობას დამდეგ 2016 წელს ულოცავს და თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

31 დეკემბერს, საახალწლო ქალაქი თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს, ტრადიციულად, 12 საათიდან უმასპინძლებს. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, მთელი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. გადაიღონ ფოტოსურათები, დროში მოგზაურ სანტასთან ერთად. გარდა კულტურული ღონისძიებისა, საახალწლოდ ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. მსურველებს საშუალება ექნებათ, თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუს ბატუტზე და პარკურს. ყინულის მოედანი ყველა ასაკის სტუმარს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

ქალაქის მცირეწლოვან სტუმრებს, საბავშვო ზონაში, ანიმატორები, მასკოტები, ჯამბაზები და ზღაპრის გმირები უმასპინძლებენ. აქტიური თამაშების ზონაში, პატარებს საშუალება ექნებათ, ითამაშონ მაგიდის ფეხბურთი, მგიდის ჰოკეი, ტეზერბოლი, დართსი და სხვა თამაშები. გაიმართება ელფების მსვლელობა. საახალწლო ქალაქში, საგანგებოდ მოწყობილ, არტსახლში, გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები. მოეწყობა თოჯინური თეატრის წარმოდგენები.

22:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. „საახალწლო პრომენადბი“ ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. თავისუფლების მოედანზე შექმნილ ჯადოსნურ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით გაალამაზებენ.
სტუმრები 2016 წელს ტრადიციული „მრავალჟამიერის“ ფონზე შეეგებებიან. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები