ბიძინა ივანიშვილი: 2016 წელი ისევ რთული იქნება

„2017 წლიდან დაიწყება აღმავლობის პერიოდი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ საქართველო იქნება აღმავლობით ლიდერი.
მისი ვარაუდით, 2016 წელი ისევ რთული იქნება.
„იმედია დასრულდება ეს კრიზისი და 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი. გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება აღმავლობაში ლიდერი. მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი გამონათქვამები, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება ძალიან კარგი და შემდგომი უფრო კარგი და ა.შ.
მხედველობაში მქონდა ის, რომ ძირითადი ფუნქცია რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ. ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის დაცული, კრიმინალი შემცირდა, კანონები იხვეწება.
მე რაც მაძლევდა საფუძველს ამის თქმისას, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნება წარმატებული, იყო ის, რომ ჩვენ იმ თამაშის წესებს ვაფუძნებთ, რის ხარჯზეც სხვა ქვეყნები გახდნენ წარმატებულები. დასრულდება კრიზისი რეგიონში, ევროპაში და საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა. საქართველოში ეკონომიკური აღმავლობა იქნება, რადგან ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები