ბიძინა ივანიშვილი გუნდში კადრების გადახალისებასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

შეხვედრებიც მქონდა რამდენიმე და ვაგრძელებ ამ პროცესს გუნდის ახალი კადრების გადახალისებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას სრული უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა გუნდის გადახალისების პროცესში.
“შეხვედრებიც მქონდა რამდენიმე და ვაგრძელებ ამ პროცესს გუნდის ახალი კადრების გადახალისებასთან დაკავშირებით. არავითარ კანონს არ ვარღვევ, მე მაქვს უფლებები ამის, რომ ჩემი გემოვნების და მოსაზრებების ხარჯზე საკუთარ გუნდს მივცე რეკომენდაციები და არა თავს მოვახვიო. მე ამას გავაკეთებ და გავაგრძელებ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გუნდში აუცილებელია გადახალისება მოხდეს და პარლამენტში შევიდეს ისეთი ხალხი, ვინც კანონწარმოების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
“მინდა გავიხსენო ჩვენი ძველი გუნდი. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს ძალიან დიდი პატივს ვცემ. თითოეულთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. თითოეული ჩემი ყოფილი თანაგუნდელი არის ძვირფასი და დიდი ძალისხმევა ჩადეს გამარჯვებაში. მათი ოცნება არ იყო, რომ პარლამენტში დამსხდარიყვნენ. ძალიან ბევრისთვის, თვითონაც ნახეს, რომ არ არის პარლამენტი ის ორგანო, სადაც მაქსიმალურ რეალიზებას მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობლების. გუნდმა უნდა მოახერხოს გადახალისება. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა ნახოს თავისი ადგილი გუნდში. პარლამენტი უნდა გადახალისდეს უფრო მეტად ისეთი ხალხით, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან კანონწარმოებაზე. პარლამენტი კანონებს ქმნის და თუ გავიხსენებთ, რომ კანონიერებაზე დგას ქვეყანა, პარლამენტში ისეთი ხალხი უნდა შევიდეს, ვისაც ეს ხელეწიფება. მოვახერხებთ გუნდის სერიოზულ გადახალისებას და უფრო მეტად შევა პარლამენტში ის ხალხი, ვისაც შესაძლებლობა აქვს კანონწარმოების პროცესში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები