ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, საკუთარ გუნდს მთელი რესურსით დაეხმარება.
“სიების შედგენაში, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას. ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. ძალიან აქტიურად ჩავერევი და მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რათა დავარწმუნო საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს.
ის გზები, რა გზებიც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც დავამკვიდრეთ, სჭირდება მათ გაღრმავება და გამაგრება. მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოახერხოს მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე მოგებისთვისაა „განწირული“. მისი თქმით, არავითარი არგუმენტი კოალიციის დაშლის არ არსებობს.
“დღეს ვერავითარ არგუმენტს ვერ ვხედავ იმის, რომ კოალიცია დაიშალოს. ამის აუცილებლობა არ არის. თეორიულად, ასეც თუ მოხდება, ამაში არავითარი დრამატიზება არ იქნება. ყველა შემთხვევაში და ყველანაირად, კოალიცია და კოალიციაში შემავალი ძალები არიან ყველაზე პროგრესულები და საზოგადოებას მათ ეს დაუმტკიცეს.
დიდი ალბათობით კოალიცია შენარჩუნდება, თუმცა თუ დაიშლება, ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ. დაშლის შემთხვევაშიც, ძირითადი მოთამაშე კოალიციაში შემავალი ძალები იქნებიან და მიიღებენ ამომრჩევლების ძირითად ხმას. კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე “განწირულია” მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.