ბიძინა ივანიშვილი: გირგვლიანი სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი გახდა და არა – მურუსიძის
გირგვლიანი სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი გახდა და არა – მურუსიძის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმზე და იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი სახელმწიფო იმართებოდა ერთი კაცის – მიხეილ სააკაშვილის მიერ. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, სანდრო გირგვლიანი სწორედ ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
„როდესაც ჩვენი გუნდი მოვიდა, გავიხსენოთ რა რეალობა დაგხვდა ჩვენ და კარგად გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსული მთელი სახელმწიფო როგორ იმართებოდა. იზოლირებული იყო მთელი ხელისუფლება ერთი კაცის და ერთი გუნდის მიერ, გავხისენოთ ვინ იყო ეს კაცი – სააკაშვილის ხელისუფლება და გავიხსენოთ როგორ იშლებოდა საკაშვილის გუნდი – ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რა სურდა მათ დიქტატორს. ისინი ახორციელებდნენ ამ სურვილებს სხვადასხვა სამინისტროებში სხვადასხვა ინსტრუმენტებით.
მთელი სახელმწიფო იმართებოდა ერთი კაცისგან და ემსახურებოდა ამ ერთი კაცის ინტერესებს. საშინელ დღეში იყო პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, მედია, ბიზნესიც. გავიხსენოთ, როგორ იმართებოდა სასამართლო, მიბმული იყო პროკურატურაზე, პოლიციაც მათთან ერთად. ეს ყველაფერი გადაქცეული იყო იარაღად საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად და დასათრგუნად.
გვახსოვს გირგვლიანის თემა, რომელიც იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის, თუმცა კონკრეტულ მოსამართლეს და სასამართლოს თავისი წვლილი ჰქონდა. ვინც იყო დამკვეთი, ვიზეც იყო მორგებული მთელი ეს მმართველობა იყო სააკაშვილი და ეს ოთხი-ხუთი კაცი. გირგვლიანის თემა იყო ტრაგიკული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არა ერთადერთი ამ პერიოდში. უამრავი პატიმრით იყო ავსებული ციხე, 300 ათასი მსჯავრდებული გვყავდა, წამებები ციხეებში, მკვლელობები და ა.შ. ეს იყო რეალობა და ამ ინსტრუმენტით იმართებოდა ქვეყანა. სააკაშვილის სისიტემის მსხვერპლი გახდა გირგვლიანი და არა როგორც დღეს ხატავენ, რომ ეს თავიდან-ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო. გირგვლიანი რა თქმა უნდა, მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის და იმ გუნდის, რომელიც დღესაც ძალადობს და ბობოქრობს მენტალურად საზოგადოებაზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.