რატომ დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა – ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ნათესავებთან დაკავშირებით პრობლემას ღარიბაშვილი დღესაც განიცდის, თუმცა მისივე თქმით, ეს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ გამხდარა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა მისი კურსის გაგრძელება იყო.
„ძირითადი მიზეზი გახლდათ ის, რაც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, თუმცა ოპონენტებმა და მედიის დიდმა ნაწილმა ეს უყურადღებოდ დატოვა. მთავარი დედააზრი იყო მხოლოდ წასვლა წასვლისათვის. სწორედ რომ წარმატებულად წავიდა. რატომ იყო ეს ჩემთვის და ირაკლისთვის საინტერესო და რაც მთავარია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ყველა დარგში ჩვენ გვაქვს პრობლემები არამარტო პოლიტიკაში, ნებისმიერი მიმართულებით, მედიაც გვინდა რომ უკეთესი იყოს, განათლებაც და ა.შ. პოლიტიკოსებსაც გვაკლია პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური გამოცდილება. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენც არ გვიმართავს ჩვენი ქვეყანა 300 წლის განმავლობაში. მისი გამოსვლა ჩემი კურსის გაგრძელება იყო. ოდესღაც ჩემს პირველ ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ ჩვენ ევროპელებსაც გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიულობით და მისი ხარისხით. ეს საოცრება სწორედ რომ გააღრმავა ირაკლი ღარიბაშვილმა. პოლიტიკა, ისევე როგორც სხვა სფერო, საჭიროებს დიდ პრაქტიკას, დიდ გამოცდილებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.