ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა იჩქარა

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან თანამდებობიდან გადადგომამდე კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა მისივე თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად ღარიბაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ში სტუმრობისას განაცხადა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებულნი პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ. მე და ირაკლის გვქონდა რამდნეიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულები. ირაკლიმ იჩქარა, შეიძლება ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო. შესაბამისად, ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის.
რაც შეეხება ჩემს პოზიციებს და ჩემთან კონსულტაციებს, ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს მე მომაწერონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ვფიქრობ მე და ირაკლის ძალიან ბევრი საერთო გვქენება ისევ ცხოვრებაში – პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. რჩევები რჩევებად რჩებოდა,  გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ საკითხზე გვქონია. ირაკლი საბოლოო ჯამში ყოველთვის აკეთებდა ისე, როგორც მას სურდა და არავითარი ბერკეტი და მექანიზმი არ გამაჩნდა იმისა, რომ მის გადაწყვეტილებებში ჩავრეულიყავი. ისეთი არც არაფერი ყოფილა რომ ჩემი ჩარევბა ზედმეტად ყოფილიყო საჭირო.
მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ მისი გადაწყვეტილებით და საჯაროდ მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც ჩვენს პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან მან გააკეთა პირადად ჩემთან, მთელ გუნდთან ერთად ქვეყნისთვის.იგი გულწრფელად დაიხარჯა ბოლომდე და თავისი წარმატების ზენიტში მოახერხა და დატოვა ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები