დანის და მობილურის შენახვისთვის პატიმრებს ბრალი წარედგინათ
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვა-ტარება-სარგებლობის ფაქტზე ბრალდებულ დ.კ.-სა და მსჯავრდებულ ლ.წ.-ს ბრალი წარედგინათ. გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული დ.კ. ფარულად ინახავდა და ატარებდა აკრძალულ ბასრ საგანს – დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომელიც ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის ეტაპირებისას ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების დროს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N15 დაწესებულების მსჯავრდებული ლ.წ. ფარულად ინახავდა და ატარებდა აკრძალულ საგანს – მობილურ ტელეფონს, რომლითაც იგი სატელეფონო კავშირებს ახორციელებდა. არაგეგმიური შემოწმება-დათვალიერების დროს მსჯავრდებული ლ.წ.-ს საკნიდან დაწესებულების თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ამოიღეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.