პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პოსტი მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა.