კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ „ქრონიკის“ ეთერში ყოფილ პრემიერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ის ჩვენს გუნდთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ“, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობის წევრები ყველაფერს გააკეთებენ ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
„ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ან მომავალი პრემიერის შედარებები გავაკეთო. ეს უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, თუ როგორ მუშაობს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი. ვარწმუნებ ყველას, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვეცდებით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არსებობს“, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა. კითხვაზე – რატომ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, კალაძემ აღნიშნა, რომ თანამდებობები დროებითია. ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას. „ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველამ პატიცი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ თანამდებობა დროებითია. მე ასე მიმაჩნია, ასე მწამს და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის უნდა ვიყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სამსახურში. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სამსახურში იქნება“, – განმარტა კახა კალაძემ. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ კვირას დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის თანამდებობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა, რადგან თანამდებობები დროებითია.