რას ყვებოდა ექსპერტი ჩაჩუა 9 წლის წინ, ჟვანიას ცხედრის დათვალიერების შემდეგ (ვიდეო)
სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 2005 წელს ჟვანიას ცხედრის დათვალიერების შემდეგ აცხადებდა, რომ ერთადერთი დაზიანება ჟვანიას ცხედარს ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარზე აღენიშნებოდა. 9 წლის წინანდელ ინტერვიუში ექსპერტი აღნიშნავს, რომ გარეგანი და შინაგანი დათვალიერების შედეგად სხვა ტიპის დაზიანებები არ ფიქსირდებოდა. ინტერვიუში ჩაჩუა იმასაც ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, სავარაუდოდ, CO – მ განაპირობა.
„ამჟამად მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას ცხედრის გამოკვლევა. ამ ეტაპზე შეიძლება იმის თქმა, რომ გარეგნულად არავითარი დაზიანება არ აღენიშნება, გარდა ერთი ნაწილისა – ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. არც შიდა გამოკვლევებით ცხედარს არ აღენიშნებოდა რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი. გარეგნული დათვალიერებით, ლაქების მონაცემებით და შინაგანი გამოკვლების მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, შეიძლება თქვას, რომ ადგილი შეიძლება ჰქონდეს CO – თი ნახშიროჟანგით მოწამვლას. დანარჩენი დეტალები ჩატარდება ლაბორატორიული კვლევებით და დაახლოებით 10- 12 დღის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი სრულყოფილად გვექნება “, – აცხადებდა ლევან ჩაჩუა.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.