უფლებადამცველები ლევან მურუსიძეს და იუსტიციის საბჭოს წევრებს თანამდებობის დასატოვებლად ვადას 10 იანვრამდე აძლევენ
უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, თანამდებობის დასატოვებლად ვადას 10 იანვრამდე აძლევენ. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა და ირაკლი კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 10 იანვრიდან მათ სახლებთან პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
უფლებადამცველების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მურუსიძის დანიშვნით სასამართლოს მკვლელობას და უსამართლო სასამართლოს დაკანონებას დაუჭირეს მხარი.
ჩხარტიშვილი და კაკაბაძე პარლამენტს კანონმდებლობის შეცვლას სთხოვენ, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება მოხდეს.
„ლევან მურუსიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველი მოსამართლის და, ამასთანავე, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ათობით მოსამართლის დატოვება თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს მიერ იყო, ერთი მხრივ, სასამართლოსთვის ლახვრის ჩაცემა და, მეორე მხრივ, ჩვენი, იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც 2006 წლიდან ვიბრძოდით გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვათა მკვლელების დასასჯელად, ესაა ირინა ენუქიძის ხსოვნის შეურაცხყოფა. ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ პროცესს.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის, მისი გარდაქმნის და მურუსიძის, როგორც სიმბოლოს გადადგომისათვის ბრძოლა, არის გაგრძელება იმ ბრძოლისა, რომელიც 2006 წელს დავიწყეთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი წრეები ვგეგმავთ აქციების მთელ რიგ კასკადს. აქციებს გავმართავთ იმ ადამიანების სახლებთან, ვინც ლევან მურუსიძე თანამდებობაზე დანიშნა. პირველი აქცია ევა გოცირიძის სახლთან გაიმართება, 11 ადამიანიდან 10 ადამიანმა სასამართლოს მკვლელობას და უსამართლო სასამართლოს დაკანონებას მხარი დაუჭირა.
კატეგორიულად მოვითხოვთ, გარდაიქმნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიშალოს და მასში შევიდნენ ის ადამიანები, რომლებიც დაიცავენ კანონს, დამნაშავე მოსამართლეს თავის ადგილს მიუჩენენ და პრინციპულ მოსამართლეებს აირჩევენ. გარდა იმისა, რომ ისინი თანამდებობაზე ტოვებენ სააკაშვილის დამნაშავე მოსამართლეებს, მოსამართლეების წინააღმდეგ შეტანილ ათასობით საჩივარს ამ მოსამართლეების წინააღმდეგ ისინი არ იხილავენ. პარლამენტარებს შეუძლიათ შეცვალონ კანონმდებლობა იმგვარად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება მოხდეს. 10 იანვრამდე ვაძლევთ ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვადას, რომ საკუთარი ნებით დატოვონ თანამდებობები. წინააღმდეგ შემთხვევაში 10 იანვარს ლევან მურუსიძის, ან ევა გოცირიძის სახლთან აქცია გაიმართება“,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე გეგმავს, რომ აქციების საშუალებით მურუსიძეს და იუსტიციის საბჭოს წევრებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ არაძალადობრივი თავდასხმები და სასამართლოს შენობის პიკეტირება მოხდეს.
„იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ეს იქნება მოულოდნელი აქციები იმისათვის, რომ მურუსიძემ და იუსტიციის საბჭომ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლონ. სანამ ეს საბჭო იარსებებს, მანამდე ჩვენ არ გავჩერდებით. იმედი გვაქვს, ამ საბჭოს ჩანაცვლება მოხდება. ჩვენ ყველანაირ რისკზე წავალთ იმისთვის, რომ მაღალი ღირებულებები დავიცვათ.
აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნებათ. ხშირ შემთხვევაში მოხდება არაძალადობრივი თავდასხმები, იქნება სასამართლოს პიკეტირება“, – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.