სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან თავი შეიკავოს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ შეიძენენ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში. “ასევე სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას – დააკვირდით, რამდენად ახალია ის, ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს – 291 91 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები