“მთავრობას სტაბილური განვითარების გეგმა აქვს, რომლისგანაც არ გადაუხვევია 3 წლის განმავლობაში”
დაპირებები არ იყო გადაჭარბებული, არამედ ამ დაპირებების აღქმა იყო არაადეკვატური – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ მთავრობას სტაბილური განვითარების გეგმა აქვს, რომლისგანაც არ გადაუხვევია 3 წლის განმავლობაში.
„საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია არის წინასაარჩევნო კამპანია და როგორც პოლიტიკური პროცესი, თავისთავად გულისხმობს, ძალიან ბევრ აჟიოტაჟს. აჟიოტაჟს მოჰყვება ხოლმე მათ შორის არასწორი მოლოდინები. დაპირებები არ იყო გადაჭარბებული, არამედ ამ დაპირებების აღქმა იყო არაადეკვატური. მოლოდინები ჩნდება ხოლმე იმის მიხედვით, ვინ გელაპარაკება. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინას ფაქტორიდან გამომდინარე, ადამიანებს ძალიან დიდი მოლოდინები გაუჩნდათ, ვიდრე ოდესმე მათ ვინმე დაჰპირებია, მაგრამ ამას ახლა არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ მთავრობას სტაბილური განვითარების გეგმა აქვს, რომლისგანაც არ გადაუხვევია 3 წლის განმავლობაში. ჩვენი ევროატლანტიკური კურსი აბსოლუტურად თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი. გუშინ ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა გახდა ცნობილი და ვფიქრობ, იმასთან ერთად, რაც აქამდე ხდებოდა და იმ ინიციატივების თანახმად, რაც გაჟღერდა, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია თამამად გააგრძელოს სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.