დავით უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება.
“მე მინდა შეგახსენეოთ ერთი სასიხარულო ფაქტი იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ დღესაც, ხვალაც და ზეგაც. წინა პრეცედენტები გახსოვთ დაგვისრულებია ასეთი საკითხის განხილვა შუაღამისას, თუმცა სულ ბოლო სამ საათზე დავასრულეთ, ასე რომ გამოცდილება გვაქვს, თუმცა თუ ყველა რაციონალურად მივუდგებით ამ საკითხს გვიან ღამემდე შეიძლება დავასრულოთ სხდომა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.