მეცნიერები, „მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით“ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაცია მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს, თაღლითური გზით აგრარული მეცნიერების ქონების მითვისებასა და გასხვისებაში ადანაშაულებს. როგორც დავით თამარაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ქონებას მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით სტატუსი ჩამოართვეს, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცა და მისი გასხვისება მოხდა.
„სახელმწიფო უწყებების მიერ არაერთი დანაშაულებრივი ნორმატიული აქტია მიღებული. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლი ითვალისწინებს, რომ სამეცნიერო და საუნივერსიტეტო დანიშნულების ქონების პრივატიზაცია არ შეიძლება, ამ კანონს რომ ასცდენოდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამნაშავე თანამოაზრები, მიიღეს არაერთი ნორმატიული აქტი, რომელმაც სამეცნიერო ქონებას სტატუსი დაუკარგა, რათა შემდგომ მისი გასხვისება მომხდარიყო. ამის შემდგომ კახა ბენდუქიძემ და კახა გოგიშვილმა სამეცნიერო ქონება იყიდეს, როგორც სახელმწიფო ქონება.
თამარაშვილის განცხადებით, ამავე დანაშაულებრივი სქემის ფარგლებში მოხდა მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის გოგიშვილისთვის გადაცემა. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი განმარტავს, გოგიშვილს წინა ხელისუფლებაში მფარველები ჰყავდა – მისი ძმა, მიხეილ გოგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილე გახლდათ.
გარდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესისა, თამარაშვილი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერესზეც საუბობს. თამარაშვილის განმარტებით, ქონების ნაწილს, გოგიშვილთან ერთად, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს.
„აგრარული მეცნიერების ქონების თაღლითური მითვისების პროცესი 2006 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ქონება, რაც მთლიანად აგრარულ მეცნიერებას გააჩნდა, მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის ხელშია მოქცეული. ძალიან მწვავედ დგას ჩვენს წინაშე ასევე, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის საკითხი. ეს სამეცნიერო მემკვიდრეობა კახა გოგიშვილს აქვს მიტაცებული. მისი ძმა, მიხეილ გოგოიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილე გახლდათ. დღეს თელავის საცდელი სადგურის ქონება, ეს ტერიტორია და მემკვიდრეობა, საიდანაც დაიწყო მთელს საქართველოში და ამიერკავკასიაში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის. ეს მიტაცებულ ქონება დღეს ხეჩიკაშვილის და გოგიშვილის ხელშია“,- აღნიშნა თამარაშვილმა.
თამარაშვილის განცხადებით, მაშინდელი მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტების გაცნობისას ნათლად იკვეთება ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც აგრარული მეცნიერების ქონების მითვისება გახდა შესაძლებელი.
„მითვისებამდე საპილოტე ვარიანტი იყო თელავის საცდელი სადგურის გასხვისება, ნაწილი შეისყიდა გოგიშვილმა, ნაწილი კი – კახა ბენდუქიძემ. აგრარული მეცნიერების ქონება საკმაოდ კარგად შეფასდა, რის შემდეგაც ის კახა ბენდუქიძემ წაიღო. ეს ქონება დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს უტოლდება. როდესაც აგრარული მეცნიერების ქონება სახელმწიფო კომპანიის შპს „აგრომეტის“ ბალანსზე, პირდაპირი მიყიდვის წესით კახა ბენდუქიძის ფონდს მიყიდა“, -აღნიშნა თამარაშვილმა
მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დღეს გამოძიება შეჩერებულია, რადგან ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მეცნიერები, აგრარული მეცნიერების ქონების, თელავის საცდელი სადგურის ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვენ და ამ საკითხზე შეხვედრას პრემიერთან გეგმავენ.
„ვითხოვთ, აგრარული მეცნიერების ქონება – მებაღეობის, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ქონება დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ეს ქონება არის ქართველი ხალხის და მომავალი მეცნიერების. ასეთ მემკვირდეობას ყველა ქვეყანა უფრთხილდება. წინა ხელისუფლებამ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ფუნდამენტი გამოაცალა. ეს ქონება ქართველი ხალხის საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს. ვაპირებ, შევხვდე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და ამ საქმის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ის პირები, ვინც დამნაშავეები არიან, მათ ძლიერი მფარველები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და მეცნიერებს და ქართულ საზოგადოებას წართმეულ ქონებას დავუბრუნებთ“, – აღნიშნა დავით თამარაშვილმა.