შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ბესიკ გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.