თურქულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება
თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა საქართველოსა და თურქეთს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, რომელიც გაფორმდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის ფარგლებში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ისტორიულ მოვლენაა ორი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ურთერთობისთვის, მიღებული შედეგი საშუალებას აძლევს ქართველ მეზღვაურებს დასაქმდნენ თურქული დროშის ქვეშ მცურავ 600-მდე საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე.
მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა თურქეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის დროს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აღნიშნული სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეებისა და კომუნიკაციების სამინისტროში შემავალი საზღვაო საქმეებისა და შიდა წყლების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბატონმა მეჰდი გონულალჩაკმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეებისა და კომუნიკაციების მინისტრის მდივანს კაპიტან ოზკან პოირაზს. მისი უშუალო ინიციატივით, ჩართულობით და ხელშეწყობით მოხერხდა ზემოაღნიშული მემორანდუმის გაფორმებაზე თურქეთის მხირდან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება.
სააგენტოს დირექტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ოზკან პოირაზს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად გამოტავს ზოგადად საქართველოს საზღვაო დარგის და განსაკუთრებით ქართველი მეზღვაურების მიმართ. სააგენტოს დირექტორმა ოზგან პორიაზი საქართველოში 2016 წლის სექტემბერში დაგეგმილ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საპატიო სტუმრის სტატუსით ოფიციალურად დაპატიჟა.