პეტრე ცისკარიშვილი: ქვეყანას რომ ნორმალური მთავრობა ჰყოლოდა, თითოეული მოქალაქის წლიური შემოსავალი 7 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო
საპარლამენტო უმცირესობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანას რომ ნორმალური მთავრობა ჰყოლოდა, თითოეული მოქალაქის წლიური შემოსავალი დაახლოებით 7 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო. როგორც ცისკარიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდს შეადგენს.
“გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ლარებში ითვლება, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, რომ ქვეყნის საერთაშორისო სიმდიდრე დოლარში იზომება. სწორედ დოლარში, 16 მილიარდი დოლარიდან, 2012 წლის მონაცემებით, დღეს 14 მილიარდ დოლარამდე ვართ ჩამოსული. ესაა მშრალი შეფასება. რაც შეეხება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ღირებულებას, ის დაახლოებით 8 მილიარდს შეადგენს. ანუ, რომ არ ყოფილიყო “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას სიძულვილს არ გადააყოლებდა, ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა. შესაბამისად, ამ დონემდე არ გაუფასურდებოდა ეროვნული ვალუტა”, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.