ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მალის მისიაში კვლავ ჩაერთვებიან
მალიში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იანვრიდან კვლავ ჩაერთვებიან. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თინათინ ხიდაშელმა დეპუტატებს ინფორმაცია ქართველი სამხედროების სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა.
„მალიში შეწყვეტილი გვქონდა მცირე ხნით მისია, 7 იანვარს გაიგზავნებიან ისევ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. ცენტრალურ აფრიკაში მისიას ვაგრძელებთ, ავღანეთში ვაგრძელებთ, იმავე რაოდენობით, რაც გვყავდა. თუ რამე ცვლილება იქნება, პირველ რიგში, პარლამენტის თანხმობა დაგვჭირდება და თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ“,- მიმართა დეპუტატებს თინათინ ხიდაშელმა.