პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენი გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია მიმდინარეობს
თუ გავითვალიწინებთ იმას, თუ რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, გამოწვევები იმდენად მაღალია, რომ გამოწვევების ფონზე უნდა შევაფასოთ ჩვენი საქმიანობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
“თუ გავითვალიწინებთ იმას, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რამდენად რთულადაა ვითარება იგივე რუსეთ-უკრაინას შორის, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-თურქეთს შორის, აშკარად ჩანს, გამოწვევები იმდენად მაღალია, რომ გამოწვევების ფონზე უნდა შევაფასოთ ჩვენი საქმიანობა. აშკარაა, რომ როცა ჩვენ გარშემო მრავალი ფრონტია გახსნილი და გამოკვეთილია ესკალაციის მაღალი ტემპერატურა, ჩვენი გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია, ეს არის სერიოზული მიმართულება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში კონფლიქტის მოგვარებით, ყველა ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს ამ წარმატებული პოლიტიკის შედეგებს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტების არსებობა პრაქტიკულად გამოირიცხა.
“მინიმუმამდეა დასული გამყოფი ხაზის გასწვრივ ინციდენტები, ხოლო როცა არის, ეს, როგორც წესი, ეხება ადამიანების გატაცებას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ციხეებში მათი ყოფნის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ის დაახლოებით სამი დღეა ხოლმე”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, წინა პერიოდში გატაცებულ ადამიანებს იზოლატორებში დიდი ხნით უწევდათ ყოფნა და ზოგიერთი მათგანი ახლაც სასჯელს იხდის.
“ეს ყველაფერი გამოვრიცხეთ და ახლა მთავარია, ვიმუშაოთ იმ ხალხზე, ვინც წინა ხელისუფლების დროს დიდი ვადით მოხვდნენ საპატიმროში”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა